Thursday, 19 January 2017

მდუმარე ქალაქი

           გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ქალაქი ხალხის გარეშე?
ყველას გვაქვს მომენტები, როცა გვინდა გარშემომყოფები დროებით გაქრნენ და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა შევძლოთ. და მაინც, ყველაფერი უფრო ლამაზია გამთენიოს, დილის 6 საათზე, ქალაქი თითქოს სუნთქავს, არ უწევს ამ მორბენალი მეტალისგან გამოყოფილი სიბინძურის სუნთქვა, არ უწევს აიტანოს ძველ_ბიჭური გარჩევა ქუჩის კუთხეში. უბრალოდ მშვიდადაა... მასაც ხომ აქვს უფლება დააღწიოს ყოველდღიურობის ქაოსს თავი!? არაერთხელ მქონია ბედნიერება, სწორედ ამ დროს მებოდიალა გარეთ და შემემჩნია ის პატარ-პატარა დეტალები რომლებსაც მზისით, გაუჩერებელი, დამღლელი რუტინის გამო ვერ ვამჩნევდი. ნიავიც კი უფრო სუფთაა ამ დროს და დილის სუსხი, არა სიცივეს, არამედ სადღაც გულში ჩამალულ იმ იმედს ამოატივტივებს, რომლითაც გწამს, რომ ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე გიოცნებია შესაძლებელია. არაფერი არ შეედრება დღის ამ მონაკვეთს, დაცარიელებული, ჩუმი, იდუმალი ქალაქი რომელიც ქარის სიჩუმეში ჩამარხული გაწიოკებით ცდილობს, გაგრძნობინოს თუ რად ღირს ცხოვრება. ზოგიერთი ადამიანისათვის იმედსა და ბედნიერებას სწორედ ხალხის გაუთავებელი ფუსფუსი და შეუჩერებელი ცხოვრების რიტმი წარმოადგენს, მაგრამ მე უფრო ძველი სკოლიდან ვარ :დ. მაგრამ მკვდარი სიჩუმე აუტანელ კივილად გადაიქცევა ხოლმე და აი სწორედ მაშინ ვნატრობ, რომ ისევ დაუწყოს კარის მეზობელმა ყვირილი თავის შვილს, მაგიდაზე ფეხების შემოწყობის გამო, ისევ გავიგონო თუ როგორ წყევლის ქვევით მცხოვრები ბებია თავის შვილიშვილს, მაშინ როცა, მისი ძუძუები მას ლოცავენ, ისევ მინდა გავიგონო მეორე მეზობლის ძაღლის ყეფა როცა ხედავს, რომ პატრონი შინ დაბრუნდა, და ისევ მინდა გავიგონო თაგვების ფრთხილი, მაგრამ უხეში ფაჩა-ფუჩი, ზემოთ სახურავზე, მინდა ვიცოდე რომ სიჩუმე არ ჩამყლაპავს. მინდა ვიცოდე, რომ ერთადერთი არ ვარ, რომელსაც ესმის თუ როგორ გადაულაპარაკებენ ერთმანეთს, წყვდიადში გაჭედილი კორპუსები, როგორ იწელება ხოლმე ეს მაღალი შენობები, კიდევ უფრო მაღლა, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ცდილობენ ცას შეერწყანო, მინდა ვიცოდე, რომ იმ ბედნიერ წუთებს რომელიც ნაადრევ აისს მოჰყვება, აუცილებლად თან სდევს ყოველდღიური ყოფა, თორემ ისე რაღა სილამაზე აქვს მას? ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაც საპირისპირო რომ ამ ხსენებულის პლიუსები დავინახოთ, თორემ არც ნულის მარცხნივ იარსებებდნენ ციფრები და არც ნულის მარჯვნივ და ჩვენც უბრალოდ ნულის ტოლი ვიქნებოდით. სილვია პლათს თუ დავუჯერებთ არის რაღაც განუმეორებელი და მომხიბვლელი დაცარიელებულ ქუჩებში, რა თქმა უნდა მას ვეხმრობი მაგრამ თუ დამიჯერებთ მე, არის ამაში რაღაც შემაძრწუნებელიც.

https://www.youtube.com/watch?v=Soa3gO7tL-c




No comments:

Post a Comment